,,გერგეტის სამება"
Thursday, June 24, 2010
გერგეტის ყოვლაწმინდა სამების ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში, დაბა ყაზბეგის ჩრდილოეთით, მდინარე თერგის შენაკად ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, მყინვარწვერის ფერხთით, ზღვის დონიდან 2200-მ-ზე მთის მწვერვალზეა აღმართული.
გერგეტის წმ. სამება ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში XIV საუკუნეშია აგებული, როგორც სამონასტრო კომპლექსი. დღეს შემორჩენილია გალავნით შემოზღუდული ყოვლადწმინდა სამების სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებული საბჭეო (ადგილი სადაც, მთის უძველესი ჩვეულების თანახმად უნმიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღებად უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა).
გერგეტის წმ. სამების ტაძარი ხევში, სადაც ძირითადად ბაზილიკური სტილის ტაძრებია აშენებული პირველი გუმბათოვანი ეკლესიაა. ტაძარში არსებული ფრესკები და წმ. ტრაპეზი ეკლესიის აგების დროინდელი უნდა იყოს. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ეკლესია ორ სართულიანია, მეორე სართული უცხო თვალისთვის შეუმჩნეველ დიდ სამალავს წარმოადგენს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტაძარს თავდაცვითი ფუნქციაც ჰქონდა.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: მტერთა შემოსევების დროს საქარტველოს ეკლესიის საგანძურს გადასარჩენად სწორედ გერგეტის წმ. სამების ტაძარში გამოხიზნავდნენ ხოლმე. ამავე მიზნით აქ გარკვეული დროის განმავლობაში ესვენა წმ. ნინოს ჯვარი.
ტაძარი სოფელ გერგეტის ტერიტორიაზე აიგო. მოგვიანებით სოფელმა ქვემოთ ჩამოინაცვლა, თუმცა მისი კვალი ძეგლის შორიახლოს დღესაც არის დარჩენილი. გერგეტელები უძველესი დროიდან წმ. სამების ყმებად ითვლებოდნენ და ტაძრის მოვლა-პატრონობის პატივი მათ ენიჭებოდა, ხოლო მიმდინარე მიწები გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძართან არსებული მოქმედ მამათა მონასტერს ეკუთვნოდა.
თეიმურაზ ბაგრატიონის "ივერიის ისტორია" მოწმობს, რომ თავდაპირველად წმ. სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული, ტაძარი მოგვიანებით აუგიათ.
ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ თუ სად უნდა აშენებულიყო წმინდა სამების ტაძარი, მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათტვის მოუხსენებია: "მეფენო ფურ-ბერწი დაკალით და მისი სამგორველი (მეჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს სამებაც იქ ააშენეთო". მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი, მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია, ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ წმ. სამების ნიში აუგიათ, ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) გადაფრენილა და აქაც ჯვარი აუღმართავთ, აქედან კი გერგეტში, "ელგეშის" ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს წმ. სამების მთაზე დაუგდია, რის შემდეგაც ამ ადგილზე ტაძრის საძირკველი გაუჭრიათ და დაწყებულა მშენებლობა. მის ასაგებად დევ-წიქარა ხარებს ქვა ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ. ეს სოფელი ტაძრის მშენებლობის ადგილიდან 15 კმ-ით არის დაცილებული. კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.
მას შემდეგ, რაც მთაზე ტაძარი აიგო და მასთან მამათა მონასტერი დაარსდა, ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ამ სიწმინდეს უკავშირდება. იქ სადაც ხევის წარსულზე საუბრობენ წმ. სამება მუდამ წინა პლანზეა წამოწეული, როგორც სიმდიდრე და სიამაყე მოხევე ხალხისა და სრულიად საქართველოსი.
წმ. სამების დიდი წყალობაა, რომ გერგეტის წმინდა ტაძართან აშენდა კელიები და 2004 წლის შემოდგომიდან სამონასტრო ცხოვრება აღსდგა. ტაძარი მოქმედია, მუდმივი წირვა-ლოცვა აღესრულება.
ყოვლადწმინდა სამების ტაძართან ერთად, ჩვენი წინაპრების მაღალი სულიერების დადასტურებაა მყინვარწვერის კალთაზე მდებარე მეუდაბნოე მამათა სამოღვაწეო ქვაბულებიც, რომელთა სახელწოდებები: "ნაბერალი", "ბერების აბანო", "ბეთლემის გამოქვაბული", დღემდე შემორჩა.
გადმოცემა "ბეთლემის გამოქვაბულის" შესახებ წმ. ილია მართალმა თავის პოემა "განდეგილს" დაუდო საფუძვლად.
ბეთლემის გამოქვაბული, რომელიც 2000 წლის ქრისტეშობის დღესასწაულზე ეკლესიად იკურთხა,მსოფლიოში არსებულ მართმადიდებლურ ტაძართა შორის ყველაზე მაღალ ადგილზე ზღვის დონიდან 4200 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იქ წმინდა და ღმერთშემოსილი მამები VI საუკუნიდან აღასრულებდნენ ბერულ ღვაწლს. არსებობს უწყება, რომლის მიხედვითაც ბეთლემის გამოქვაბულში მოსეს კარავი და მაცხოვრის აკვანი იხილვებოდა.
1999 წელს, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ახალქალაქისა და კუმურდოს ამჟამინდელი მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ხელმძღვანელობით მყინვარის კალთაზე, მრევლისა და ადგილობრივი მთასვლელების მონაწილეობით, ზღვის დონიდან 4200 მ-ზე, წმ. სამების მცირე ზომის ალუმინისაგან დამზადებული ტაძარი დაიდგა და წირვა აღევლინა.
ბეთლემის გამოქვაბულში და მყინვარი წმ. სამების ტაძარში არცთუ ისე იშვიათად აღესრულება წირვა-ლოცვა.
ისტორიული ცნობები და არქიტექტურა
გერგეტის სამება სტეფანწმინდის რაიონში მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. ტაძარი ლანდშაფტთან შერწყმითა და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. კომპექსის ეკლესია და სამრეკლო იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება მყინვარწვერის ფონზე მკვეთრად გამოკვეთილი ტაძრის სილუეტები, რომლისთვის თვალის მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც, ადრიდანვე, ხევის უმთავრეს სალოცავს, რომელიც ხშირად მთის თეთრ ღრუბლებსაა შეფარებული, თავისი მშვენიერების გამო „ხევის პატარძალს“ უწოდებენ. გერგეტი იმითაცაა გამორჩეული, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუბმათოვანი ტაძარია. წყაროთა უწყებით სამება სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. დღეისათვის კი ძველი მონასტრიდან შემორჩენილია გალავნით შემოსაზღვრული: ყოვლადწმიდა სამების სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებული მცირე ზომის საბჭეო (საბჭეოში მთის ძველი ჩვეულების თანახმად, უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის ორგანო გახლდათ).
ტაძრის აგების თარიღი უცნობია, არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX ს. ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წ. სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.
გერგეტის სამება საშუალო ზომის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძრის გეგმა გარე სწორკუთხედშია მოქცეული. მას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ შესასვლელი შესამჩნევად განიერია დასავლეთისაზე. ტაძრის ინტერიერში აშკარად იგრძნობა გუმბათის ყელისა და ქვედა ტანის პროპორციათა შეუსაბამობა. ზომებით ისინი ერთი-ერთზეა, რაც ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია (XIV-XV სს.) და მსგავსი პროპორციულობა იმ პერიოდის სხვა ტაძრებზეც აღინიშნება. წინა პერიოდის სხვა არქიტექტურულ ძეგლებში გუმბათის დიამეტრის შეფარდება დანარჩენ ნაწილებთან გაცილებით ნაკლებია, თუმცა ტაძრის გუმბათი მაღალია, რომელზედაც პროპორციის დაუცველად არის განლაგებული პატარა სარკმლები.
ეკლესიის საკურთხეველი საკმაოდ ღრმაა, რომლის შუა ადგილზე დგას წმიდა ტრაპეზი. იგი თავდაპირველი, ტაძრის აშენების დროინდელი უნდა იყოს. საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ თითო ოთხკუთხა სათავსია, სამხრეთით - სადიაკვნე, რომელიც ცენტრალურ ნაწილთან სწორკუთხა კარითაა დაკავშირებული, ჩრდილოეთის მხარეს კი - სამკვეთლო. სამკვეთლო თითო კარით უკავშირდება საკურთხეველს და დარბაზს. სადიაკვნეს პატარა სარკმელი სამხრეთის მხრიდან აქვს გაჭრილი, როგორც წესი მსგავს შემთხვევებში სარკმელი აღმოსავლეთიდან უნდა იყოს, მაგრამ ოსტატს, როგორც ეტყობა, სარკმელი სამხრეთის ფასადის მორთულობისთვისაც გამოუყენებია. სამკვეთლოს სარკმელი კი აღმოსავლეთიდან აქვს გაჭრილი. სადიაკვნესა და სამკვეთლოს ზემოთ თითო სათავსია, ე.წ. სამალავები, საიდანაც კონქსზედა სივრცეში შეიძლება მოხვედრა. ორივე სათავსი აღმოსავლეთის მხრიდან ნათდება თითო პატარა სარკმლით. ტაძარი ასევე გამოირჩევა სამალავთა სიმრავლით და მის ყველა მონაკვეთს აქვს დიდი ან პატარა მეორე სართული: გვერდით ნავებს, საკურთხეველს, დასავლეთის მკლავისა და მცირე ზომის გვერდითი ჯვრის მკლავებითაც კი. ფაქტიურად ეკლესია ორსართულიანია და მისი მეორე სართული უცხოსთვის შეუმჩნევლად არსებულ საკმაოდ დიდ სამალავ სივრცეს წარმოადგენს, რაც ტაძრის თავდაცვით ფუნქციასაც მიანიშნებს არა მარტო ამ კუთხის მოსახლეობისა და საეკლესიო სიწმინდეებისათვის, არამედ ქართლის ბარისთვისაც. ვახუშტის უწყებით, იგი ადრიდანვე, „...მცხეთის სამკაულის სახიზრად“ ითვლებოდა და გარკვეულ დროს მტერთა შემოსევისას, „აქ ესუენა ნინოს ჯვარიო“.
ტაძრის შიდა სივრცეს ძირითადად ცენტრალური ჯვრის მკლავები და მათზე აღმართული გუმბათი ქმნის. ჯვრის მკლავებიდან გვერდითებს ორჯერ აღემატება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღრმა მკლავები. თვითონ გუმბათი კი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებზე და დასავლეთით თავისუფლად მდგარ ორ სვეტზე. გუმბათის ყელი მეტად მაღალია, მას სიმაღლეს მატებს ზემოთ არსებული სამალავების გამო სარკმელების დიდ სიმაღლეზე მოთავსება, თუმცა გარედან აღნიშნული ასიმეტრიულობა არც კი შეინიშნება.
გუმბათის ყელი ათწახნაგოვანია. თითოეული წახნაგი ცალ-ცალკეა და თაღებითაა შემოფარგლული. სარკმლების შემომყოლ ორნამენტოვან არშიას გარს უვლის შეწყვილებული ლილვი, რომელიც ეყრდნობა ბურთულებიან კვადრატებს. გუმბათზე სარკმელთა რაოდენობა ხუთია, ისინი ათ წახნაგზე თითოს გამოტოვებით მდებარეობენ, მათ შორის კი ცრუ სარკმლებია განლაგებული.
გუმბათი თავდაპირველი სახით არ მოღწეულა, იგი რაღაც მიზეზით დაზიანებულა და შემდეგ აღუდგენიათ. შიგნით გუმბათი თავიდან თლილი ქვით ყოფილა ამოყვანილი, ხოლო რესტავრაციისას გუმბათის კამარა მთლიანად აგურით აღუდგენიათ, გარედან კვლავ ძველი ქვები არის გამოყენებული.
ტაძრის ინტერიერს გუმბათის აღნიშნული ხუთი პატარა სარკმლის გარდა, ანათებს ჯვრის ყოველ მკლავში მოთავსებული თითო სარკმელი, ამდენად შიდა სივრცისათვის სინათლის წყაროს აღნიშნული ცხრა სარკმელი წარმოადგენს, რაც ბუნებრივია, საკმაოდ მოზრდილი ტაძრის განათებისათვის საკმარისი არ არის. თუმცა მკვლევართა მიერ ტაძარში ასეთი „ამოღამება“ იმ პერიოდის არქიტექტურული სტილის გამოხატულებადაა მიჩნეული, როდესაც აიგო სამების ეკლესია. ეპოქის დამახასიათებელ ნიშნადაა ასევე მიჩნეული ტაძრის ფასადებზე მორთულობის ნაკლებობა და რაც არის, იმის უმრავლესობის კედელში ჩაფლულობაც. ეს ყველაფერი კი ფასადთა გაშიშვლების გამოწვევაა. თუმცა გერგეტის ტაძრის სხვათაგან გამომრჩევ ნიშნად მის ოთხივე ფასადზე არსებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჯვარია. მათგან კი აღმოსავლეთ კედელზე არსებული ჯვარი გმოირჩევა თავისი დიდი ზომითა და საგანგებო მორთულობით. აღნიშნული ფასადის მცირე ელემენტებიდან ასევე აღსანიშნავია მის ზედა იარუსზე არსებული პატარა სარკმლები. ესენი ფაქტიურად დეკორატიულ ფილებს წარმოადგენენ და მათში სარკმლების დანახვა ჭირს. ჩუქურთმაში ჩამალული პატარა სარკმლები საიდუმლო ოთახების გასანათებლად იყო გამიზნული და მათი ჩუქურთმის დეტალად წარმოსახვაც სწორედ იმ შეფარული მიზნის განხორციელება იყო, რა დანიშნულებაც მას პრაქტიკულად ენიჭებოდა.
ტაძრის არქიტექტურული სტილით, მისი მორთულობით და მხატვრული ანალიზით და სხვ. მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ მისი აგება უახლოვდება საფარის, ზარზმის, ცაიშის გაუმბათოვან და დაბის დარბაზული ეკლესიების მშენებლობას. თუმცა მათ შორისაც არის გარკვეული ინტერვალი, მაგრამ არცთუ ხანგრძლივი და ყველა ერთი ეპოქის, კერძოდ XIV ს. ტაძრებადაა მიჩნეული. მათგან გერგეტი კი ყველაზე უფრო აქეთ, XIV ს. მეორე მეოთხედის მშენებლობად ითვლება.
მრავალგანსაცდელგამოვლილ ხევის მოსახლეობას 70-წლიანი ანტირელიგიური ზეწოლის მიუხედავად ამ მხარის უმთავრესი სალოცავი უპატრონოდ არ მიუგდია. ღვთის მოიმედე აქაური მოსახლეობა ფარულად პატრონობდა ტაძარს და უძველეს ტრადიციებსაც ერთგულად უფრთხილდებოდა. ჩრდილო კარიბჭიდან საქართველოს უპირველეს დამცველ სალოცავში, გერგეტის სამებაში ღვთისმსახურება კვლავაც აღესრულება და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან საეკელსიო დღესასწაულზე ჩამოსულ მომლოცველთა სიმრავლე არ წყდება ხოლმე, განსაკუთრებით კი გერგეტობას, სიყვარულის დღესასწაულზე, რომელიც პეტრე-პავლოიბს მარხვის შემდეგ, 16 ივლისს (ახ. სტ.) იდღესასწაულება.
Subscribe to:
Posts (Atom)